ორსულობის პირველადი ნიშნები

ორსულობის პირველადი ნიშნები

ორსულობა ყველა ქალისთვის სანატრელი პერიოდია. იმის დადგენა, ხართ თუ არა ფეხმძიმედ, საკმაოდ რთულია, რადგან ორსულობის პირველი ნიშნების შემჩნევა ხშირად ვერ ხერხდება. მხოლოდ ორსულობის ტესტსა და ულტრაბგერით გამოკვლევას შეუძლია ზუსტი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე, თუმცა ორგანიზმში მიმდინარე რამდენიმე ცვლილება ხშირად მიანიშნებს მომავალ დედას, რომ მასში ახალი სიცოცხლე ჩაისახა.  შეიძლება ქალმა არც კი იცოდეს, რომ იგი ორსულადაა, მაგრამ მისმა ორგანიზმმა უკვე კარგად იცის ეს და შესაბამის ცვლილებებსაც განიცდის.

ძირითადად პირველი დღეები შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რადგან ამ დროს განსაკუთრებული გამოკვეთილი სიმპტომები არ გვაქვს.ამიტომ, ხშირად ფეხმძიმობას III-IV კვირაში იგებენ. ექიმები კი ორსულობის ხანგრძლივობას გამოითვლიან ბოლო მენსტრუალურ ციკლზე დაყრდნობით. მნიშვნელოვანია, ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე დადგენა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო გართულებები. მაგ: ორსულობისას არ შეიძლება გარკვეული მედიკამენტების მიღება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხმძიმემ დროულად გაიგოს ამის შესახებ. ასევე, დროულად დაანებოს თავი მოწევას, ალკოჰოლის მიღებასა და ყველა იმ მავნე ჩვევას, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაყოფს.

ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად ორსულობის ნიშნებიც შესაძლოა განსხვავებული იყოს თითოეული ქალისთვის. ზოგი მათგანი შეიძლება დაემთხვეს თქვენსას, ზოგი კი არც იგრძნოთ. თუმცა არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ორსულობის საწყის სტადიაზე ვხვდებით და სწორედ მათი წყალობით იგებს მომავალი დედა „ახალ ამბავს“. გთავაზობთ ორსულობის 15 ადრეულ ნიშანს:

  1. მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენა

ეს ნიშანი ორსულობის ყველაზე უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევა.თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია სარწმუნო, თუკი ამ მომენტამდე ქალს რეგულარული მენსტრუალური ციკლი ჰქონდა. ასევე, გადაცდენა მხოლოდ ორსულობას არ უკავშირდება და შესაძლოა, სულ სხვა გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები და სასქესო ორგანოების სხვადასხვა დაავადებაც იწვევს ამ სიმპტომს. არის შემთხვევები, როდესაც მენსტრუალური სისხლდენა ისევ აქვს ადამიანს და იგი ასევე ორსულადაა, ეს ძირითადად მცირე ვადაზე ხდება. საშიში არ არის, უბრალოდ ორსულობის შესახებ ოდნავ გვიან შეიტყობთ და ზეპირად მისი თარიღის გამოთვლა გაგიჭირდებათ.

2.ტემპერატურის მომატება

ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანია ბაზალური ტემპერატურის მომატება. მის მატებას ასევე იწვევს ვარჯიში და ცხელი ამინდები, ასეთ დროს მნიშვნელოვანია მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. ის იზომება დილით გაღვიძებისთანავე და ფეხმძიმობისას ეს ტემპერატურა 37 გრადუსს აღწევს. ზოგიერთი მეცნიერი არასარწმუნოდ მიიჩნევს ამ ნიშანს, თუმცა ფაქტია, რომ ორსულობის დადგომის ერთ-ერთი თანმდევი სიმპტომია.

3.გულისრევის შეგრძნება

გულისრევა ორსულებისთვის ნაცნობი სიმპტომია. იგი შეიძლება სულ სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული და მიგვანიშნებდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე. ორსულებში ღებინება უფრო მეტად დილით არის გამწვავებული და პირველი ტრიმესტრის განმავლობაში მოგიწევთ მასთან გამკლავება. მასთან საბრძოლველად მიიღეთ მეტი წყალი, თუკი სითხისა და საკვების მიღება გართულდა გულისრევის სიმძიმიდან გამომდინარე, გაესაუბრეთ ექიმს.

4.სისხლის წნევის ზრდა და თავბრუსხვევა

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს განსხვავებული წნევა აქვს და თითოეულისთვის სხვადასხვა რამ არის ბუნებრივი. თუმცა, ორსულობის საწყის ეტაპზე ხშირია წნევის მატება, რაც იწვევს დაღლილობასა და თავის ტკივილის შეგრძნებას. ჰიპერტენზია შესაძლოა სხვა პრობლემებზეც მიუთითებდეს, ამიტომ უმჯობესია ექიმს გაესაუბროთ ამის შესახებ.

5.ვაგინალური გამონადენი

ვაგინალური რძისფერი გამონადენი ორსულობის კიდევ ერთი ძირითადი ნიშანია. პირველ კვირებში სავსებით ნორმალურია ეს სიმპტომი, მაგრამ თუკი მას თან სდევს ტკივილისა და წვის შეგრძნება, შესაძლოა, ბაქტერიული ინფექციის ნიშანი იყოს, ამიტომ ყურადღებით იყავით.

6.ცვლილებები მკერდის არეში

ცვლილებები მკერდის არეში შეიმჩნევა ორსულობის პირველივე კვირიდან. ეს ცვლილება შესაძლოა იყოს მცირე ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა და ასევე, ზომაში ოდნავ მომატება. დისკომფორტი სულ რამდენიმე კვირაში გაივლის და მკერდიც ზომაში უფრო სტაბილურად მოიმატებს შემდეგ კვირებში, თუმცა ეს ტკივილთან არ არის დაკავშირებული.

7.დაღლილობა

დაღლილობა შესაძლოა იგრძნოთ ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა ის უფრო მეტად თავს შეგახსნებთ  პირველი კვირების განმავლობაში.პროგესტერონის დონე იზრდება, რაც იწვევს ძილიანობის ზრდას. ამ სიმპტომის გამო შესაძლოა მუდმივად ძალაგამოცლილად იგრძნოთ თავი, ამიტომაც შეეცადეთ, უფრო მეტი იძინოთ და აღიდგინოთ ენერგია. აკონტროლეთ ოთახის ტემპერატურა და შეინარჩუნეთ ის შედარებით გრილად, რადგან ორსულობის პირველ დღეებში სხეულის ტემპერატურა ისედაც იწვევს და ეს დამატებით დისკომფორტს გიქმნით.

8.გახშირებული შარდვა

ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე გახშირებული შარდვის გამომწვევი მიზეზი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებია.ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაზრდის ფონზე, იზრდება ორგანიზმში სითხის რაოდენობა და თირკმლებიც უფრო დიდი დატვირთვით მუშაობს, რათა ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები გამოყოს. უფრო დიდ ვადაზე გახშირებულ შარდვას იწვევს შარდის ბუშტზე საშვილოსნოს დაწოლა, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ ჩანასახი ამისთვის ძალიან პატარაა.

9.გამძაფრებული მგრძნობელობა სუნისა და საკვების მიმართ

ორსულობის პირველი დღეებში შეიმჩნევა ორსულობის ეს ნიშნები. შეამჩნევდით, რომ თქვენთვის ადრე საყვარელი საკვები არც ისე მომხიბლავი გახდა, ანდა სუნს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ვერც კი შეამჩნევდით, გულისრევამდეც კი მიყავხართ. ეს ყველაფერი ნორმალურია და პირველი ტრიმესტრის გავლის შემდეგ მარტივად დაგავიწყდებათ.

10.ხასიათის ცვლილება

შეიძლება თქვენ ისედაც ცვალებადი ხასიათი გაქვთ და ადვილად ღიზიანდებით, თუმცა გვერწმუნეთ ორსულობის ერთ-ერთი პირველი სიმპტომი სწორედ ხასიათის უეცარი ცვლილებაა. ორსულთა ნაწილი ამ დროს დადებით და უარყოფით ემოციებს ერთნაირი სიმძაფრით აღიქვამს, თუმცა ზოგ მათგანს აღენიშნება დეპრესიისკენ მიდრეკილება. ასეთ დროს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაკავდით საყვარელი სამქიანობით და შეუწყეთ ხელი ორგანიზმს, რომ შეეჩვიოს ახალ მდგომარეობას. არ გაგიკვირდეთ, თუკი უეცრად ტირილი მოგინდებათ, ანდა კარგ ხასიათზე დადგებით უმიზეზოდ, ყველაფერში ისევ და ისევ ჰორმონებია დამნაშავე.

11.შეკრულობა

ჰორმონების დონის ცვლილების გამო ორსულთა ნაწილს აწუხებს შეკრულობა პირველივე დღეებიდან, რაც საკმაოდ შემაწუხებელ სიმპტომად შეიძლება იქცეს.

12.ტკივილი ზურგის არეში

ტკივილი ზურგის არეში განიხილება როგორც ორსულობის შედარებით გვიანი სიმპტომი, თუმცა ხშირად იგი თავს იჩენს პირველივე კვირებიდან. ასეთ დროს ეცადეთ, ძალიან არ დაიტვირთოთ და შეარჩიოთ დასაწოლი პოზიცია, რომელშიც ტკივილს ნაკლებად იგრძნობთ და ზურგიც „დაისვენებს“. ამ დროს შეიძლება გამოგადგეთ ბალიშები, რომელთა დახმარებითაც სასურველ პოზიციას მოიწყობთ.

13.ჰაერის უკმარისობა

სხეული ახლა უფრო მეტ ჟანგბადს მოითხოვს, რაც  ესაჭიროება ჩანასახის ზრდისთვის,ეს კი ზოგჯერ იწვევს ორსულებში ჰაერის უკმარისობის განვითარებას. ეს სიმპტომი ორსულებისთვის ნამდვილად ნაცნობია, თუმცა შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში მიმდინარე სხვა პროცესებზეც. ამიტომ თუკი უჰაერობის შეგრძნება გაგიძლიერდებათ, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს, რათა მან მოგცეთ თქვენთვის განსაზღვრული კონკრეტული რჩევები.

14.სახის კანის ცვლილება

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები იწვევს სახის კანის უფრო მეტ ბრწყინვალებას. გაძლიერებული სისხლის მიმოქცევის გამო, სხეულის ცხიმოვანი ჯირკვლები გადამეტებულად მუშაობს.ასეთ დროს აკნეს განვითარების შანსებიც არსებობს.

15.თავის ტკივილი

თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია და ზოგჯერ ის სულაც არ უკავშირდება ორსულობას, მაგრამ ფაქტია რომ  ეს ერთ-ერთი ადრეული ნიშანია ფეხმძიმობის.

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ორსულობის საწყის ეტაპზე ფეხმძიმეთა უმეტესობისთვის ძალიან ნაცნობია. მათი შეგრძნებისთანავე ქალი ორსულობას ეჭვობს და  ორგანიზმში მიმდინარე ყოველგვარ ცვლილებას მას უკავშირებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ერთადერთი ზუსტი პასუხი ამ კითხვებზე ორსულობის ტესტია. თუკი ის დაგიდასტურებთ ამ არაჩვეულებრივ მოვლენას, უკვე დროა ულტრაბგერით გამოკვლევაზე მიბრძანდეთ და საბოლოოდ დარწმუნდეთ.

 

კლინიკა „სკენარის“ მეან-გინეკოლოგი – თამარ ქაცარავა

 

Leave A Reply